საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს (AIIF 2026) დაესწრო. ფორუმი 25–26 სექტემბერს, ბაქოში იმართება და მისი მთავარი თემაა - „ნდობის აღდგენა ფრაგმენტირებულ მსოფლიოში: სამხრეთ კავკასია, როგორც გლობალური კავშირებისა და საინვესტიციო სტაბილურობის საყრდენი“.
ფორუმის ფარგლებში განიხილება რეგიონში საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერება, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და გლობალური კავშირების ხელშეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ინვესტორები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს შესახებ გამახვილდა ყურადღება. ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაძლიერებას, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას და პოტენციალს, რეგიონული და გლობალური კავშირების განვითარების მიმართულებით.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი.




