აშშ-ის მთავრობამ მწვანე შუქი აუნთო სომხეთში ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის მშენებლობას. პროექტისთვის საჭირო Nvidia-ს უახლესი Blackwell-ის ჩიპების ექსპორტი დამტკიცდა.
სომხეთი ერევნიდან 45 კილომეტრში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრს ხსნის, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი გახდება.
100 მეგავატის სიმძლავრის ცენტრის პირველი ფაზა 2026 წლის მეორე კვარტალში უნდა ამოქმედებულიყო - ცენტრი უკვე აშენებულია და სერვერები ჩართულია.
პროექტის ინიციატორი სომხური ფესვების მქონე სტარტაპი Firebird-ია, ინვესტიცია კი 500 მილიონი დოლარია. ცენტრი აღიჭურვება Nvidia Corp.-ის უახლესი Blackwell-ის ჩიპებით და Dell Technologies-ის სერვერებით.
Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის მთავრობამ უკვე გასცა ექსპორტის ნებართვა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით კი, საუბარია 70 000-მდე ჩიპზე, რომლის ღირებულება 5 მილიარდ დოლარამდე იზრდება.
ცენტრის გამოთვლითი სიმძლავრის 20% სომხურ კომპანიებზე - აგროკულტურის, მრეწველობისა და სტარტაპ ეკოსისტემის მხარდასაჭერად, ხოლო დანარჩენი 80% ამერიკულ კომპანიებზე, მათ შორის Perplexity AI-ზე გადანაწილდება.
ეს ისტორია „ჩიპების დიპლომატიის“ სახელით შევიდა ისტორიაში. WSJ-ის ცნობით, აშშ-ის მომლაპარაკებლებმა Nvidia-ს ჩიპებზე წვდომა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების მოსაგვარებლად გამოიყენეს. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა თავად განაცხადა, რომ პირადად სთხოვა დონალდ ტრამპს ჩიპების დამტკიცების დაჩქარება და ეს „მშვიდობის ჯილდოს ნაწილად“ მოიხსენია.
აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს სომხეთი „მეორე დონის“ ქვეყნად იყო კლასიფიცირებული AI ჩიპების ექსპორტის შეზღუდვის წესით, ისევე როგორც საუდის არაბეთი და ისრაელი. ეს შეზღუდვა ტრამპის ადმინისტრაციამ მოხსნა.
Nvidia-მ სომხეთში ოფისი 2022 წელს გახსნა და მას შემდეგ ქვეყანას რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად განიხილავს.
წყარო: Bloomberg / Wall Street Journal / Armenpress
მოამზადა რაულ კაპანაძემ




