აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი გაეროს ტრიბუნიდან ირანს „სწრაფი განადგურებით“ და „ჯოჯოხეთში გაშვებით“ დაემუქრა. მუქარიდან რამდენიმე საათში აშშ-ის დელეგაცია ირანის დელეგაციას გაეროს კულისებში შეხვდა, შეხვედრას კი ტრამპმა „ძალიან კარგი“ უწოდა.
გაეროს 81-ე გენერალურ ასამბლეაზე 37-წუთიან გამოსვლაში ტრამპმა განაცხადა:
„შედგება თუ არა ირანთან ისეთი შეთანხმება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, აღდგნენ და შექმნან იმაზე ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე ოდესმე ყოფილან — შესაძლოა, ერთ-ერთი უდიდესი ახლო აღმოსავლეთში ან თუნდაც მთელ მსოფლიოში? თუ ჯობს, გავანადგურო ისლამური რესპუბლიკა — თანაც სწრაფად — და არასდროს მივცე მათ შანსი, კვლავ დახოცონ ხალხი და გაანადგურონ ქვეყნები? გავუშვა ისინი ჯოჯოხეთში, გადარჩენის ყოველგვარი შანსისა და მომავალი სიდიადის ან მომავალი თაობების იმედის გარეშე?“
მუქარიდან მალევე, ზელენსკისთან შეხვედრისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ის და ირანის მომლაპარაკებლები ერთმანეთთან სამი საათის განმავლობაში საუბრობდნენ.
„ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა. კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს მომავალშია ჩანიშნული“, - განაცხადა ტრამპმა. შეხვედრას მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი ესწრებოდნენ.
ტრამპის თქმით, თეირანს ორი გზა აქვს - „პოტენციური სიდიადე ან განადგურება“ და შეთანხმებას 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ ელოდება.
ტრამპის განრიგში ზელენსკისთან შეხვედრის გარდა ასევეა შეხვედრები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ვენესუელას დროებით ლიდერთან, დანიის და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებთან და სპარსეთის ყურის ქვეყნების - არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ომანის, ბაჰრეინის, ქუვეითის და ყატარის წარმომადგენლებთან.
წყარო: „სიბიეს ნიუსი“
მოამზადა რაულ კაპანაძემ




