მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი მალტისა და მასპინძელი ქვეყნის, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებს. მქონდა საუბარი როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ისე, რა თქმა უნდა, რეგიონულ საკითხებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც მსოფლიოსთვის დღესდღეობით საერთოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მონტენეგროში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საუბარი ჰქონდა იმ საერთო მისწრაფებებზე, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებს აქვთ.

„გარდა ამისა, მქონდა შესაძლებლობა, მიმემართა ასამბლეისთვის, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მესაუბრა საკითხებზე, რომელიც ეხება რეგიონული გაერთიანებების მნიშვნელობის ზრდას. დღევანდელ სამყაროში ვაკვირდებით გლობალურ დონეზე მოქმედი ორგანიზაციების დასუსტებას. ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, ისინი რაიმე მნიშვნელოვან როლს სხვადასხვა სახის კონფლიქტების გადაწყვეტაში ვერ თამაშობენ. ამ დროს მნიშვნელოვანია სწორედ რეგიონული თანამშრომლობა, ისეთი, როგორიც არის ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით, როგორც შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით, ამიტომ ამ თანამშრომლობას, ამ ორ ასამბლეას შორის გავაძლიერებთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს.

„ასევე, საუბარი მქონდა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გვქონდეს უფრო სისტემური კონტაქტი ამ ასამბლეასთან. ვინაიდან, ხმელთაშუა ზღვა, მისი ქვეყნები არიან გადამწყვეტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ასევე საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ეს გულისხმობს შესაძლებლობას უფრო მეტად ჩართვისა ასამბლეის მუშაობაში. ჩვენ ვიყენებთ შესაძლებლობებს, რომ რეგიონულ ასამბლეებში, იქ, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესები რომ წარმოჩინდეს, იყოს წარმოდგენილი.

გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრები, ასევე ვართ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრები. ასევე გვაქვს სურვილი, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრი ვიყოთ. ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც დაწყებულია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერით, ასამბლეები კარგი საშუალებაა ყველა ქვეყნისთვის ხმის მისაწვდენად, გაგრძელებული იმ პოლიტიკური ინტერესებით, რომელიც გააჩნია ქართველ ხალხს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი თავი გარე ჩარევისგან. ამ მხრივ კოლეგებთან, ქვეყნების პარლამენტის წევრებთან ერთად გვქონდეს საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავება 21-ე საუკუნეში, როდესაც საინფორმაციო ომი და ჩარევა სხვა ქვეყნის საქმეებში, გავლენის მოხდენა სხვა საზოგადოებებზე ძალიან გაზრდილია.

ასე რომ, უმოკლეს დროში ვაპირებთ, მივმართოთ ამ განაცხადით დამკვირვებლის სტატუსთან დაკავშირებით. კოლეგებისგან გვქონდა შესაძლებლობა, წინასწარ მხარდაჭერა მოგვეპოვებინა მალტის, მონტენეგროს და სხვა პარლამენტის თავმჯდომარეებისგან“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.