საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ზაგრების უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა, რომელზედაც წარმოდგენილია ქართული კულტურის, ენის,  ისტორიის და  არქიტექტურის ამსახველი ფოტოები.


გამოფენა გახსნეს ხორვატიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ და ზაგრების უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიცე-დეკანმა, პროფესორმა ჰრვოე სტანჩიჩმა. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ხორვატულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ გადაეცა. 
 
აღსანიშნავია, რომ ზაგრების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მიმდინარე წელს ქართული ლიტერატურის კუთხე გაიხსნება, სადაც სტუდენტებს, მკვლევარებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ საინტერესო კოლექციით, რათა უკეთ გაეცნონ ქართულ ენას, ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
 
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიურ პერსონალი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.