პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა.
ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აღარ დაენიშნება პერსონალური დაცვა, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი. იმისთვის, რომ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგი დადგეს და შესაბამის თანამდებობის პირებს ვადამდე შეუწყდეთ უფლებამოსილება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, საჭიროა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რასაც შესაბამისი კვორუმი სჭირდება. კვორუმის არ არსებობის პირობებში მოცემულობას მივიღებთ, როდესაც ერთი მხრივ შესაბამისმა თანამდებობის პირმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით და მეორე მხრივ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ იქნა კვორუმი მიღწეული, კონსტიტუციის დამრღვევს უფლებამოსილება ვერ შეუწყდება. შესაბამისად, მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ შეუნარჩუნდება პერსონალური დაცვა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნება კონსტიტუციის დამრღვევად. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, იმისათვის, რომ პერსონალური დაცვის რესურსი გამოყენებული იყოს ეფექტურად და იმისათვის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ თანამდებობის პირს შეუნარჩუნოს განსაკუთრებული უფლება ისარგებლოს სახელმწიფო დაცვით, საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, რის მიხედვითაც დაიხვეწება“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.