„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” გაიყიდა. მანამდე არაერთი მცდელობა იყო მისი განადგურებისა, ისევე როგორც გაანადგურეს დემირელის სისტემის სკოლები და მათი თურქი ეროვნების მასწავლებლები მოაქციეს რეპრესიების ქვეშ,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული თურქეთის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, ფეხქვეშ გათელა კანონი და უსამართლოდ და თავხედურად დახურა სკოლები. მოვა დრო, გამოძიებული იქნება ეს ისტორია და ყველა საკადრისად დაისჯება.
მიუხედავად მრავალი მცდელობისა, უნივერსიტეტი ვერ დახურეს, ვერ მოერივნენ. ძალიან დიდი იყო საგარეო და საშინაო მხარდაჭერა.
ან განადგურება ან გაყიდვა - ასეთი იყო ულტიმატუმი და როგორც დამთავრდა, კი ვხედავთ. თუ რაიმე არის ამაში კარგი, უნივერსიტეტი ისევ ორმა ქართულმა უმაღლესმა სასწავლებელმა იყიდა და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ექნება მას განვითარების შანსი.
ორიოდე სიტყვით ამ უნივერსიტეტზე შინაურის თვალით. დიდი ხანია ვარ ამ უნივერსიტეტის პროფესორი. ვიცი ყველა დეტალი იმ რეპრესიებისა, რასაც ხელისუფლება ეწეოდა უნივერსიტეტისა და სკოლების მიმართ. ისინი არ იყვნენ თურქული საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც მოიხსენიებენ ხოლმე. ისინი იყვნენ ქართულენოვანი ( გაძლიერებული ინგლისურენოვანი სწავლებით) საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი. თურქები ( არა მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები) იყვნენ დამფუძნებლები, ასევე შეადგენდნენ იქ დასაქმებული პედაგოგიური და ადმინისტრაციული კადრების ნაწილს. დღეს მათი აბსოლუტური უმრავლესობა გადახვეწილია ამერიკაში თუ ევროპაში და ლტოლვილებად აფარებენ იქ თავს. 28 წლის განმავლობაში ისინი პატიოსნად და კვალიფიციურად ემსახურებოდნენ ქართველი მოზარდებისა და სტუდენტების აღზრდას.
რომ მითხრათ, ერთი სიტყვით დაახასიათე ამ სისტემაში დასაქმებული თურქებიო, პირველი, რაც მომდის აზრად, არის წესიერება. ორხან ფამუკის რომანების შემდეგ თუ ვინმემ იქონია ჩემზე თურქ ადამიანზე კეთილი განწყობის შექმნაზე გავლენა, პირველ რიგში ეს ხალხია. სამწუხაროდ, აქ თითზე ჩამოსათვლელიღა დარჩნენ, ზოგი წავიდა, ზოგი გააგდეს. მადლობა მათ.
დავრჩები თუ არა შავი ზღვის უნივერსიტეტში, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ.
ვინც იქ სწავლა გადაწყვიტა, არავის უნანია. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალი მესაკუთრეები გააგრძელებენ ძველ ტრადიციას და შეუნარჩუნებენ უნივერსიტეტს დამოუკიდებლობას და ხარისხს“,- აცხადებს რომან გოცირიძე.
საფფეთ ბაირაქთუთანმა „ფეუსბუქის“ საკუთარ გვერზე წერს: დღეიდან აღარ ვიკავებ რექტორის პოზიციას. აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობს იქიდან, რომ უნივერსიტეტს შეეცვალა დამფუძნებლები და პარტნიორები და მთლიანად გადავიდა ქართული მხარის მფლობელობაში.