საზოგადოებრივ მაუწყებელს ფული არც მომავალში მოაკლდება ამ ახალი კანონის წყალობით. თუ რამდენად წესიერად და ეფექტიანად გამოიყენებენ მას, ეს სწორ მართვაზე( ზედამხედველობაზე) არის დამოკიდებული, რაც დღემდე არ მომხდარა - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება იმ შეფასებებს, რაც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან გაკეთდა.
"პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიღებს დაფინანსების უნიკალურ წესს, რომელიც სულ რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაციას აქვს ქვეყანაში: პარლამენტს, სახალხო დამცველს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და კიდევ ერთ-ორს: მისი ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს წინა წლის ბიუჯეტზე ნაკლები. მეტი რომ იყოს, არც არავინ უშლის ამაში ხელს.
დამჯდარან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩინოვნიკები, მოაწყვეს სპეცეთერი, მოთქვამენ და მისტირიან მუქთა ფულს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 2023 წელს იყო 101 მილიონი ლარი, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც არის 130 მილიონიანი ქალაქის, ქუთაისის ბიუჯეტი. მაუწყებლის შემოსავლები( მასში შემავალი აჭარის ტელევიზიასთან ერთად) არის თითქმის იმდენი, რამდენიც საქართველოში არსებული ყველა ტელევიზიის შემოსავალია.
იგი სამჯერ აღემატება მთავარი სახელისუფლებო არხის, “ იმედის” შემოსავლებს და 12-ჯერ ტელეკომპანია პირველის ბიუჯეტს. ჩვენი მედიისათვის არნახული მასშტაბის დაფინანსება არაფრად დასტყობია არც საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის ხარისხს და არც ჩვეულებრივი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას.
მომავალი სამი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება გაიზრდებოდა 60 მილიონი ლარით, რომ დარჩენილიყო დაფინანსების ძველი წესი, რომელსაც კანონით დროებითი წესი ჰქვია და აგერ თითქმის ორი ათეული წელია რაც ვერ შეუცვლიათ და როგორც იქნა, მიიღო სწორი გადაწყვეტილება პარლამენტმა. როცა მაუწყებლოს ბიუჯეტი მიბმული იყო მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობასთან და ყოველწლიურად, ჰქონდა თუ არა ამის საჭიროება, ავტომატურად ეზრდებოდა ბიუჯეტი( ერთადერთ საბიუჯეტო ორგანიზაციას საქართველოში, რომელიც ამ ფორმით ფინანსდებოდა), იყო არაგონივრული და ქვეყნის ისედაც მწირი რესურსების განიავება.
ამას დამატებული 100 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დანახარჯები, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის ასაგებად არის დახარჯული და კარგად ჩანს რა უჯდება ჩვენს მოქალაქეებს ამ დაწესებულების შენახვა.
საზოგადოებრივ მაუწყებელს ფული არც მომავალში მოაკლდება ამ ახალი კანონის წყალობით. თუ რამდენად წესიერად და ეფექტიანად გამოიყენებენ მას, ეს სწორ მართვაზე( ზედამხედველობაზე) არის დამოკიდებული, რაც დღემდე არ მომხდარა. შემდეგი ნაბიჯი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეფორმა და მისი როლის გაძლიერება უნდა იყოს. დღევანდელი ფორმით ამ საბჭოს არსებობა აზრს კარგავს" - წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ: 15 ნოემბერს, პარლამენტმა 80 ხმით, პირველი მოსმენით „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.