საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სპეციალური ანგარიშის - „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი“ პრეზენტაციას მიეძღვნა.
მისასალმებელ სიტყვაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ პროგრესულ საკანონმდებლო ჩარჩოს და მის საფუძველზე ჩამოყალიბებულ უწყებათაშორისი თანამშრომლობის დადებით პრაქტიკას, რომელიც პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშების განხილვას შეეხება.
შეხვედრაზე განხილულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით რატი იონათამიშვილმა აღინიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების საფუძვლებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტის ნაწილში, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების განვითარებისა და მათი დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების უწყვეტ პროცესს და ამ მიმართულებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის განსაკუთრებულ როლს.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ 2025 წელს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოში შესული შუამდგომლობებიდან პროკურორების მიერ პატიმრობა მოთხოვნილი იყო ბრალდებულთა 35,1%-ის მიმართ, ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება - 64,9%-ის მიმართ. 2020 წელთან შედარებით, როდესაც პატიმრობის მოთხოვნის ოდენობა 44.9%-ს შეადგენდა, მაჩვენებელი თითქმის 10%-ით არის შემცირებული, რაც უდავოდ დადებით ტენდენციას წარმოადგენს.
შეხვედრის დასასრულს, რომელიც აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რატი იონათამიშვილმა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, ყველა რელევანტური უწყების ჩართულობით.









