საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიღება დღეს ძალიან მარტივია - საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, ომი სჭირდება, თუ - მშვიდობა განვითარებისთვის. არჩევანის გაკეთება ასეთი მარტივი, დამეთანხმებით, არასდროს ყოფილა, როგორც დღეს და ეს კონკრეტულად იკითხება, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

იგი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნებისმიერ იმ პირს, ვინაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სინამდვილეში მას საქართველოს ინტერესი საერთოდ არ გააჩნია“.

„ქართველმა ხალხმა იმდენად დიდი სიმტკიცე გამოიჩინა, რომ ამ ადამიანებს მოუწიათ ბოლომდე გამოეჩინათ საკუთარი მავნებლური ბუნება და რეალური ინტერესები, რაც გააჩნიათ საქართველოს მიმართ. ნებისმიერ იმ პირს, ვინც მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის რეზოლუციას, მას სინამდვილეში საქართველოს ინტერესი საერთოდ არ გააჩნია და ქართველი ხალხის ინტერესი საერთოდ არ აინტერესებს, ერთადერთი რაც უნდა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და სიტუაციის არევაა. ეს მიზნები, რომ აქვთ, ვეღარ მალავენ და ამის გამოვლინება მოუწიათ.

სხვა საკითხია, რომ მათ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართველი ხალხი ვერ გაიცნეს. საბოლოო ჯამში, ეს შედეგებზეც დადებითად აისახება. მაგალითად, მიხაელ როთი რომ გავიხსენოთ - ადამიანი, რომელიც მაშველ რგოლად მოუვლინეს რადიკალურ ოპოზიციას. ჰგონიათ, რომ თუ იგი ქართულ ეკლესიას მიაყენებს შეურაცხყოფას, ეს რადიკალური ოპოზიციისთვის დივიდენდების მომტანი იქნება. აქამდე დადიან და ასე ვერ იცნობენ ქართველ ხალხს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტარები პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ.