საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას რაც ახლა სჭირთ, ეს არის პოლიტიკური აგონია და პანიკა. როგორც ჩანს, 26 ოქტომბრამდე ეს სიმპტომები კიდევ უფრო გაღრმავდება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„მათ დაიმსახურეს, რომ ამომრჩევლისგან უარყოფილი იყვნენ. ცდილობენ, რამენაირად დეზინფორმაციითა და სიცრუით ნიადაგი შექმნან, რათა არჩევნების შეფასების დროს ინტერპრეტაციების სივრცე დატოვონ. როგორც არ უნდა ეცადონ, დეზინფორმაციით ვერავინ გავა ფონს. საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ არჩევნები სამართლიანი და კონკურენტუნარიანი იქნება. რასაკვირველია, მათ კონკურენტულ გარემოში არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს, პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ქართველი ხალხი მიიღებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციის ნაწილი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებს მართავს. სადაც საქართველოს მომავალი პრემიერმინისტრობის კანდიდატზე მსჯელობენ, თუმცა ჯერჯერობით შეხვედრიდან გამოსულ არცერთ პოლიტიკოსს არ დაუსახელებია, ვინ არის პრეზიდენტის კანდიდატი, რომლის ირგვლივ მსჯელობა მიმდინარეობს.