საქართველომ 9 აპრილს, ამ სიმბოლურ დღეს გადადგა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი საბოლოო გამარჯვებისკენ, რასაც ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია ჰქვია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
"2012 წლიდან საქართველომ არაერთ საქმეზე მოიპოვა გამარჯვება და დაამტკიცა ქართული სიმართლე. კერძოდ, 2012 წლიდან სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დეპორტირებულების საქმეზე, რის შედეგადაც ათი მილიონის კომპენსაცია დაეკისრა რუსეთს; ასევე მიღებული იყო ისტორიული გადაწყვეტილება ომის საქმეზე, რის შემდეგაც ჩვენ, ყველას მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგვიძლია თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ეს არის სამართლებრივად დადასტურებული ფაქტი; ასევე საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყველა საქმე ამოირიცხა წარმოებიდან.
დღეს, ამ სიმბოლურ დღეს, ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის საქართველოს გამარჯვებით, ვულოცავ ყველა ქართველს. დღევანდელი გადაწყვეტილებით გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას. კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე ფაქტო ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა და დადგინდა, რომ სისტემატურად ირღვევა სიცოცხლის უფლება, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, საკუთრების უფლება და ასევე გადაადგილების თავისუფლება.
ამ გამარჯვებას ჰყავს თავისი ბევრი გმირი. მადლობა ჩვენს ყველა თანამშრომელს, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. ასევე მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გენერალურ პროკურატურას და შსს-ს ასეთი სანიმუშო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგადაც საქართველომ ამ სიმბოლურ დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი საბოლოო გამარჯვებისკენ, რასაც ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია ჰქვია“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – „საქართველო რუსეთის“ წინააღმდეგ, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს.