არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. ადამიანი როცა პატიმარია, ამ დროს ერთადერთზე, რაზეც ვფიქრობ ხოლმე, არის ის, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო.
„არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. ადამიანი როცა პატიმარია, ამ დროს ერთადერთზე, რაზეც ვფიქრობ ხოლმე, არის ის, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ეს არის ჩვენი საფიქრალი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხოლმე პრეზიდენტი, რომ არ მოგატყუოთ, ამაზე არ ვფიქრობ. პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე არ დაუსახელებია არგუმენტი, თქვა, რომ არ ისაუბრებდა. არაფერი ვიცოდი, სატელევიზიო არხით გავიგე. როგორც კი მოვიდა დადგენილება, მისი სისრულეში მოყვანა დავიწყეთ. ნებისმიერი პატიმარი როცა გადის პენიტენციური დაწესებულებიდან, ჩვენ ყოველთვის მოწადინებული ვართ, რესოციალიზაციის პროცესი სრულად ჰქონდეს გავლილი, დაუბრუნდეს საზოგადოებას და დაიწყოს ახალი ცხოვრება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალების კავშირს საქართველოს ევროინტეგრაციასთან, კითხვის საპასუხოდ რატი ბრეგაძემ აღნიშნა: „არ მგონია, შეწყალებას და კონკრეტულ შემთხვევას კავშირი ჰქონდეს ევროინტეგრაციასთან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.