თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა პარტია ,,ქართული ოცნებიდან,, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთთა კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენაშვილმა საქართველოს მთავრობას ,,გამჭვირვალობის შესახებ კანონის,, უკან გაწვევისაკენ მოუწოდა. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა იმ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, რაც კანონის მიღებით შეიძლება შეექმნას ჩვენს ქვეყანას. 

"მინდა, ერთი პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ კი გამჭვირვალობის შესახებ კანონს ეხება. მე, როგორც იურისტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, 2 შვილის მამა და თქვენი შვილების დამცველი, ამ კანონის ბოლომდე გატანასა და მიღებას ცალსახად ვეწინააღმდეგები. ვინაიდან, თეთრი სახლი, ევროკავშირი, ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები  გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსსა და ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდებაო.

ამიტომ, მე ამას ცალსახად ვემიჯნები და უმორჩილესად ვთხოვ, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს ეს კანონი უკან გაიწვიოს. თქვენ წინაშე ფიცს ვდებ, რომ თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტია "ქართულ ოცნებას", ფრაქცია "ქართულ ოცნებასა" და თანამდებობას, ამას გპირდებით. ხელისუფლებას გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციას ნუ დაარღვევთ და ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას. კიდევ არის შანსი. თქვენი რიგითი დეპუტატი თელავის საკრებულოდან, მოგმართავთ, გთხოვთ, ეს კანონი უკან გაიწვიოთ" - განქცხადა ბერძენაშვილმა.