მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს.

„აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელებაც არის ჩვენი დღევანდელი დროშა. ორივე დროშის წინაშე შემიძლია, ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე, ვიდრე არ მივაღწევთ იმ ევროპის კარებთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა, რეალობა, მომავალი. სხვა ჩვენ არ გვაქვს, არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა, დავუტოვოთ ამ ქვეყანას თავის შემდეგი თაობებისთვის – დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ევროპული ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და არის ესოდენ ძვირფასი.

მინდა გითხრათ, მე რას ვაკეთებ ამ პერიოდში. დღეს უცხოურ მედიას თუ არ ვცდები მივეცი 17 ინტერვიუ, რათა ამეხსნა, აქ რა მოხდა. ვესაუბრე ექვს პრეზიდენტს. მათ შორის ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს. თქვენ ალბათ წაიკითხავდით ყველა იმ შეფასებას და მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან და რაც მოდის ასევე ამერიკიდან, ნახეთ სახელმწიფო მდივნის ძალიან მკაფიო განცხადება. ყველა გვეუბნება ერთ რამეს, ჯერ ერთი, არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს იმ ერთი კაცის გარდა, რომელმაც აქ ჩაიარა, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. სხვათა შორის, შეიძლება, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არცერთი კითხვა პასუხის გარეშე. ამაში არიან ძალიან აქტიურად ჩართული ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ყველანი ერთად, თქვენი დახმარებით, თქვენც გაქვთ ხელთ ძალიან ბევრი მტკიცებულება, უნდა შევქმნათ სრული სურათი, როგორ მოხდა ის უნახავი, ის უპრეცედენტო, უნიკალური ხმების წართმევა, ასე მასიურად, ასე სისტემურად, ეს არის უზარმაზარი ოპერაცია, წინასწარ დაგეგმილი, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, პარლამენტი და წაგვართვა კონსტიტუცია. მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავდოთ ეს შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება. ეს არის პირველი ეტაპი. დარწმუნებული ვარ, ჩემს შემდეგ ყველა, პოლიტიკური პარტიები თქვენ გეტყვიან, როგორ აპირებენ მოქმედებას. ჩვენ ერთად ვართ. არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს ამ დღეში. ერთად ვართ, ძალიან მშვიდობიანად დავიცავთ იმას, რაც არის ჩვენი, თქვენი კონსტიტუციური უფლება, რომ ხმა იყოს დაცული. ხალხს, როგორც მე, სხვა არაფერი გვაქვს, თუ არა ხმა. ხმა ხალხისა, ხმა ერისა, რომელიც უნდა აღვასრულოთ და ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ახლა არ არის პესიმიზმის, ხელების ჩაქნევის და შეგუების დრო, ახლა არის დრო, რომ ძალიან წყნარად, შემართებით, მიზანმიმართულად დაიცვან საკუთარი ხმები.

„დიასპორაში ასევე იყო წართმეული ხმების უზარმაზარი რაოდენობა. ის ხმები, რომლებიც მივიდა უბნამდე, ნათლად აჩვენებს, სად არის საქართველოს ხალხის ნება, მაგრამ ძალიან ცოტა ხმა წამოვიდა, რათა არ შეეშალა ხელი აქ დაწერილ შედეგებზე. აქ დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო შედეგები. ჩვენ ერთად ამას მივაღწევთ. დიდი მადლობა ყველას ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ამ დღეებში და რასაც კიდევ გავაკეთებთ ერთად. პოლიტიკური პარტიები არიან ისინი, რომლებმაც უნდა წარადგინონ პოლიტიკური ხედვა. სხვადასხვა პარტია არის, ეს არ არის რაღაც ხელოვნური ერთობა. ქართული ქარტია და ჩვენი ევროპული გზა არის ერთადერთი ჩვენი გამოსავალი და ალტერნატივა და ამის უკან ყველა არის ერთიანი. თქვენ რომ მიეცით ხმა მათ, მიეცით ხმა ევროპას, მომავალს, მიეცით ხმა საქართველოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.