ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს უნდა მოუარონ და მე ამის შესახებ ხმამაღლა მისაუბრია, ისევე როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, „დასავლეთში ბევრს აინტერესებს, შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ისინი ხაზს უსვამენ იმ ზიანს, რომელიც ამ სიტუაციის გამო მიადგა საქართველოს იმიჯს დასავლეთში“.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „მე ვიცი ეს და ამის გამო შეშფოთებული ვარ, რამდენიმე რამეს ვაკეთებ, რათა ეს სიტუაცია შევამსუბუქო, თუმცა ზიანი რომელიც დადგა, მიყენებულია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და შეწყალება-არშეწყალება ამ ზიანს რეალურად არ ცვლის. ვფიქრობ, მას უნდა მოუარონ და მე ამის შესახებ ხმამაღლა მისაუბრია, ისევე როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. არსებობს ელექტრონული სამაჯურები, რომლების შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც მოსალოდნელია ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება“.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სტატუს-კვოს შენარჩუნებას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მას განმარტება არ სურს, თუმცა არსებობს „სამართლებრივი მოსაზრებები“.

„მე ყოველთვის თავს ვიკავებ განმარტებებში შესვლისგან, რადგან საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციის უფლება სხვა ქვეყნების პრეზიდენტების ანალოგიური და თანაბარია და ისინი კი არ განმარტავენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.