პირველ რიგში, თქვენი თანდასწრებით მინდა ხელი მოვაწერო განკარგულებას, რითაც 26 ოქტომბერს ინიშნება არჩევნები. სანამ დავიწყებდე, პირველ რიგში, მინდა, ყველა ახალგაზრდას სტუდენტობა და ახალი ეტაპის დაწყება მივულოცო. მათი მომავალი დღეს იწყება. იმ დროს, როცა ამ არჩევნებით ქვეყნისთვისაც ცხოვრების სწორედ ახალი ეტაპი იწყება. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
"მინდა ახალგაზრდებს გისურვოთ, რომ თქვენი ნიჭი და ცოდნა, რასაც ახლა მიიღებთ სწორედ ახალი საქართველოს მშენებლობისათვის გამოიყენოთ. ისეთი საქართველოსთვის, სადაც ყველას ადგილი იქნება და სადაც ქვეყანა თავის ადგილს მოიპოვებს მსოფლიოში და პირველ რიგში, ევროპაში.
როგორც გითხარით, ამ წუთას ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. დღე გადაწყვეტილების მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის.
დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია! ეს არჩევანი მრავალი წლით განაპირობებს ქვეყნის ბედს,
და ამიტომაც, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებზე ჩემი სათქმელი მაქვს. ეს რომ ჩვეულებრივი არჩევნები იყოს, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია - არ მექნებოდა არაფერი სათქმელი.
უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ეს ერთგვარი არჩევანი იქნება ომსა და მშვიდობას შორის! ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა ომი და არავინ ამზადებს მას. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, შენი პრიორიტეტების და მიზნების ბუნდოვანება კი ზრდის მტრის მადას, ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ - მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან, თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც (მე ამას ვამბობ პირველი დღიდან) რეფერენდუმის - ევროპა თუ რუსეთი, ტოლფასი იქნება.
გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი - ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა: წარსული თუ წინსვლა, თავისუფლება თუ მონობა, დიქტატურა თუ დემოკრატია, ერთპარტიული ძალაუფლება თუ მრავალ პარტიული ხელისუფლება, იდენტობის დაცვა და გაძლიერება თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედი, ღირსება თუ უპრინციპობა, ქრისტიანული შემწყნარებლობა თუ რუსული ძალადობა, სხვისი აუტანლობა, დამოუკიდებლობა თუ ოკუპაცია - ხილული იქნება ეს თუ უხილავი. იშვიათად თუ ჰქონია საქართველოს ისტორიაში ასეთი საშუალება, რომ საკუთარი ბედი მშვიდად, გარკვეულად, ომის და დაპირისპირების გარეშე, საკუთარი ნების გამოხატვით გადაეწყვიტა.
სწორედ იმიტომ, რომ არც ომი და არც შიდა დაპირისპირება არ გვინდა, აუცილებელია, არჩევნებით ვთქვათ სათქმელი, გამოვხატოთ ხალხის ნება, ისე ღიად და ისე ნათლად, რომ ვერავინ სცადოს ამ ნების წინააღმდეგ წასვლა - ასე შენარჩუნდება სტაბილურობა.
ეს მოითხოვს ჩვენგან სრულ მობილიზაციას, ძალით თავსმოხვეული შიშების გაფანტვას და საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას.
29 აპრილს ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა: ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდობას და ქვეყნის პატრიოტებს შიგნით, გარეთ კი, ჩვენს ერთგულ პარტნიორებს. ყველას ცალ-ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალა, მაშინ დავდექით უპირობოდ, ჩვენი მომავლის გზასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე; ან იქნება ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი და მართლაც ღირსეული მომავალი - ან დაბრუნება წარსულში, ჩაძირვა რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ უსასტიკეს და დაუნდობელ სახეს ამჟღავნებს.
არჩევანია, მართლაც რუსულ დაუნდობლობასა და ქართულ საუკუნოვან შემწყნარებლობას შორის: ყოველდღიურად საქართველო ამ შემწყნარებლობის მაგალითს იძლევა, თუნდაც რუსი ტურისტებისა თუ ქვეყანაში სხვაგვარად შემოსულ ათასობით ადამიანის წინაშე. არჩევანია რევანშიზმს, დაუნდობლობასა და სასამართლოთი დაცული ადამიანის უფლებებს შორის.
მცხეთიდან გახსნილი საარჩევნო კამპანიისას საკუთარ ხალხს, გამარჯვების შემთხვევაში დაპირდნენ: შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანების დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას. მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდა ერთპარტიულ, ერთპიროვნულ დიქტატურას. დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება და სხვებს კი, რაღა დარჩებათ თუ არა ერთი - ქვეყნიდან წასვლის უფლება!
არჩევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის, რუსეთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად, სულის გაყიდვის ფასად დამორჩილებას, თუ ევროპაში თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენას შორის, სადაც მოვახდენთ ჩვენი სახელის, ისტორიის, ნიჭისა და შესაძლებლობების გატანას და საქართველოს სათანადოდ წარმოჩენას თავისუფალ და მშვიდობიან გარემოსა და სამყაროში.
ეს არჩევანი მეორედ არ დაგვიდგება. ეს ჩვენი გადასაწყვეტია!
ეს არჩევნები საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდება: უკვე გვესმის ხელისუფლების ყველა დონეზე გაჟღერებული მუქარა. გვაშინებენ ომით, მახვილით, დაჭერებით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რამეთუ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა და გაიმარჯვებს, იმ შემთხვევაში, თუ ყველა გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას, თუ საზოგადოება სრულად მობილიზებული იქნება, მაშინ ხმებიც, სტაბილურობაც და მომავალიც სრულად დაცული იქნება.
ეს არჩევნები ცალ-ცალკე, არც ერთი პოლიტიკური პარტიის მოსაგები არაა. მოცემულობაა, რომ პარტიებს არც დრო, არც პირობები არ ჰყოფნით იმისათვის, რათა თავისუფლად მოემზადონ, დაფინანსდნენ და გაიმარჯვონ თავისუფლად. დროა მხოლოდ გადარჩენის, ახალი რეალობის შექმნის, ევროპის გზაზე დაბრუნების (სანამ კიდევ გველოდებიან), თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნის. ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს, ერთ წელიწადში შევცვალოთ „კლანური მოცემულობა“ სასამართლოში, საარჩევნო გარემოს დავუბრუნოთ კონკურენტუნარიანობა. ამ დროს მთავრობა შეუდგება მთავარს, პარტნიორებთან ნდობის და საერთო პროექტების აღდგენასა და გაწევრიანების მოლაპარაკებების პერსპექტივის დაბრუნებას. ეს არის გეგმა, ერთადერთი რეალური და შესრულებადი გეგმა, რაც უნდა შევძლოთ ერთ წელიწადში, რათა დავაბრუნოთ საქართველო საკუთარ გზაზე!
მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი აცნობიერებს იმასაც რა საფრთხის წინაშეც ვდგავართ და იმასაც, რომ ნიჰილიზმის დრო არ არის. ახლა შემართებისა და არჩევნებზე წასვლის დროა. იმედის დაკარგვა არ ახასიათებს საქართველოს: ეს არ მომხდარა, საუკუნეების განმავლობაში, ფერეიდანში გადასახლებულთა შორის; ეს არ მომხდარა საბჭოთა ოკუპაციისგან წასულ ემიგრაციაში; ეს არ მომხდარა, თუნდაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და მისი დამარცხების შედეგად კი; ეს არ მომხდარა ტერიტორიების ოკუპაციის მერე, და ეს ტრაგედია მხოლოდ პრემიერისთვის არის „მოცემულობა“, ჩვენთვის კი - შეუგუებლობაა!
უმძიმესი დღეები გაუვლია საქართველოს, თუმცა უიმედობას არ გაუმარჯვია! პირიქით, როცა ვკითხულობთ რამ მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე და როგორ შეინარჩუნა საკუთარი თვითმყოფადობა, სწორედ ეს - მომავლის საოცარი რწმენაა ჩვენი საიდუმლო. ეს მათქმევინებს დღეს: მეც მჯერა და მწამს, რომ ასეთი არჩევანის წინაშე არავინ აღმოჩნდება გულგრილი, არავინ დარჩება სახლში, დიასპორასა თუ აქ, ქვეყნის შიგნით.
26 ოქტომბერი ეს არის ის არჩევნები, როცა თქვენ, საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას. აძლევთ ხმას ქვეყნის მომავალს და ისეთ მომავალს, რომელიც წარსულს არ შეურაცხყოფს. ვერავინ მოატყუებს ქართველ ხალხს, ვერც ფსევდო პროევროპულობით და ვერც ყალბი პატრიოტიზმით.
26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ის 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის! - განაცხადა პრეზიდენტმა.