ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"იძულებული ვარ რომ საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული, დროს აღარ ითმენს. ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორე არის სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, ანუ იმ სიების რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ.

ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რამე თუ საზოგადოებამ უნდა მიიღოს დროულად და დეტალურად ყველა მისთვის საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება იმისთვის რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთში ამ დროისთვის დაძაბულობაა. მოსკოვისა და როსტოვის ქუჩებში, სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა

სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა.

შეგახსენებთ რომ სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ჯგუფის დამფუძნებლის სახელით გავრცელებულ არცერთ განცხადებას არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ამ კუთხით უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონო ქმედებები“, – აღნიშნულია ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სამხედრო ჯგუფის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს.