ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ამით, იგი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც იგი აღნიშნავს, რომ რუსულმა მხარემ საქართველოს მთავრობასთან შეათანხმა პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი, რომელზედაც მანამდე, თავად რუსეთს ჰქონდა აკრძალვა დაწესებული.
"რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე თქვა, რომ უვიზო რეჟიმისა და ფრენების აღდგენა იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. დღეს რაც სერგეი ლავროვმა თქვა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია - რა თქმა უნდა, გაფორმდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან. ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის რუსულ კომპანიას.
ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი და რა სკანდალი ნახეთ ამაში? ლავროვის განცხადება არის დადასტურება იმ ფაქტისა, რომ შეთანხმება მოხდა მთავრობასთან. ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია - მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ის განცხადება გააკეთა, ჩვენ ამას მივესალმეთ და ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯია. რაც წაადგება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, კარგია. ეს ყველაფერი ღიად გავაკეთეთ და ვთქვით, რომ იფრენენ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და თვითმფრინავები", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ საქართველოს მთავრობასთან შეათანხმა პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი, რომელზედაც მანამდე თავად რუსეთს ჰქონდა აკრძალვა დაწესებული. მანამდე ოფიციალური თბილისი აცხადებდა, რომ რუსეთმა თავად მოხსნა საკუთარი აკრძალვა და რომ ამ თემაზე არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.
"როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილი მთავრობასთან ფრენების განახლებაზე. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღება და საჰაერო კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ქმნის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპერტო პროდუქტი – ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა",– თქვა ლავროვმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში.