ჩემი წლევანდელი ვიზიტი ჩინეთში არის ის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც მათ სტრატეგიული პარტნიორობის საპატიო დონემდე ამაღლებს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთში ისტორიული ვიზიტის დროს მას ჰქონდა პატივი მნიშვნელოვანი შეხვედრები ეწარმოებინა პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ ლისთან თანამშრომლობის ახალი გზების გამოსავლენად.
„მეგობრებო, საქართველო - თავისი გამორჩეული ისტორიით, უნიკალური ტრადიციებითა და პროგრესული მისწრაფებებით - აღიარებს ჩინეთთან ძლიერ კავშირს. ეს მეგობრობა და ეს კავშირი ცხადყოფს, რომ მსგავს ღირებულებებს ძალუძს გეოგრაფიული სივრცეების გადალახვა და ხალხის გაერთიანება კოლექტიურ ძალისხმევაში.
ამ თვალსაზრისით, ნება მომეცით ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრობას და ტრადიციულად წარმატებულ თანამშრომლობას. ჩინეთს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, რომელმაც 31 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენთან დიპლომატიური კავშირები დაამყარა, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს გულებში. ძალიან ვაფასებთ ჩინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, საქართველო იცავს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ და ეს ურთიერთ-სოლიდარობა ქმნის მყარ საფუძველს ჩვენს ერებს შორის მტკიცე კავშირისთვის.
ამ კავშირების დასტურად, ჩემი წლევანდელი ვიზიტი ჩინეთში არის ის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც მათ სტრატეგიული პარტნიორობის საპატიო დონემდე ამაღლებს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე. ამ ისტორიული ვიზიტის დროს მქონდა პატივი მნიშვნელოვანი შეხვედრები მეწარმოებინა პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ ლისთან, რათა თანამშრომლობის ახალი გზები გამომევლინა. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ხედვა საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების შესახებ ხელშესახებ და ურთიერთსასარგებლო შედეგებს გამოიღებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.