იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა განცხადებების გაკეთება სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილისგან და აღნიშნა, რომ ყველა პატიმარს აქვს საუბრის უფლება.
„ილაპარაკოს რაც უნდა, ეს არის ნებისმიერი პატიმრის უფლება. საქართველოში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი. ყველა პატიმარს აქვს საუბრის უფლება, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, შეგიძლიათ, თუ რაიმე გაინტერესებთ, დაელოდოთ. იცით, რომ იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი. ვერაფერი თქვეს ხელისუფლებაზე, იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და მისი წესები. მათ შორის ღარიბაშვილს ვგულისხმობთ, წარსულშიც გახსოვთ, არაერთი, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ყოფილი წარმომადგენელი, რომელსაც რაღაცების ლაპარაკი დაუწყია, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ასეთ საუბრებს, სპეკულაციებს არასდროს არ აქვს ხოლმე რაიმე შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი მიუსაჯა.
საქართველოს პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავა.
გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ქოლ-ცენტრების მფარველობას ედავება.
ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.









