ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ აგვეღო 50 მილიონი და დაგვეხარჯა, ეს იქნებოდა მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ყველასთან, მათ შორის, ბუნებრივია, მზად ვართ ვისაუბროთ პატრიარქთან, ყველა თემასთან და კონკრეტულად, ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს გვაქვს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, პატრიარქს, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე. ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ საკუთარი პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა, აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის და გადასახადის გადამხდელების მიმართ. ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ აგვეღო ეს 50 მილიონი და დაგვეხარჯა.
ეს იქნებოდა მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომელიც მობილიზებულია ბიუჯეტში ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს ხალხის ფულია, ჩვენ ჯიბიდან არც მე და არც მთავრობის წევრები პერსონალურ ფულს არსად არ ვიხდით. ეს არის ხალხის შენატანების საფუძველზე შეგროვებული ფული. საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე. დაახლოებით 50 მილიონზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაიხარჯოს. აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა - ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით შეიძლება ჩვენ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, სად არის აქ ჭეშმარიტება. ანუ, შესაძლებელია თუ არა ამ დიდი თანხით ხელშესახები შედეგის მიღწევა. თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ საკმაოდ დიდი თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა პრემიერმა.




