ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია, პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად გაგრძელდება და ეს გზავნილი ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გაიგეს ეს ყველაფერი პროტესტის შესაბამისმა მონაწილეებმაც. აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნა ვეღარ დგება მათი მხრიდან დღის წესრიგში, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერია რეალურად მოსათხოვნი.
მეორე პოტენციური მოთხოვნა, რაც მათ შეიძლება გულში ედოთ, ეს არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, თუმცა ამ მოთხოვნის დაყენებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, როგორც კი ამ მოთხოვნას დააყენებენ, მაშინვე გაიშიფრება, რომ მათ აქვთ თავიდან ბოლომდე პარტიული დღის წესრიგი.
საქართველოში მაინცდამაინც პოპულარული არ არის საკუთარი თავის მიკუთვნება ამ 4-დან რომელიმე პარტიისადმი. ყველამ იცის, რომ ეს არის ერთი კოლექტიური პარტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც შედგება 4 პარტიისგან, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებისგან. არავის არ უნდა მისი ასოცირება რომელიმე ამ პარტიასთან. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ვერ აყენებენ ვერც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. შესაბამისად, რჩება უშინაარსო მიტინგები და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ამ ადამიანებს, საბოლოო ჯამში, უჭირთ რაიმე სერიოზული რესურსისთვის თავის მოყრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.