საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო დამატებითი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის გაძლიერებისკენ. პრემიერმა ელჩს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მისი ვიზიტის დროს გაერთიანებული საამიროების მთავრობის მხრიდან გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისა და გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას. გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.