„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში არა 130, არამედ 119 ადამიანია, შესაბამისად, ქვორუმი იყო და პოლიტსაბჭოს ეს სხდომა უფლებამოსილია, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს, არასაწორია ინფორმაცია, რასაც ქალბატონი თინა საუბრობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე თინა ბოკუჩავას ჩამოსვლასთან დაკავშირებით პარტიამ თავად ყრილობა გადადო.

„მას უნდოდა, ყრილობას დასწრებოდა. ყრილობა, რომელიც ივლისის ბოლოს უნდა ჩაგვეტარებინა, გადავდეთ, რომ ის ქალაქში ყოფილიყო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ წესი და კანონი გვავალდებულებს, ყრილობის წინ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართოს და შესაბამისად ეს პოლიტსაბჭო იყო წინამოსამზადებელი სხდომა ყრილობისთვის, რომელიც დავუმიზნეთ ქალბატონი თინას თბილისში ყოფნას. ქალაქგარეთ რომ არის, ნახევარი პოლიტსაბჭო რეგიონიდან ჩამოვიდა. წესით, 8 ივლისს რომ გაგვივიდა ვადა, ვგეგმავდით ყრილობას, ივლისის ბოლო უწევდა. მართალია, დაგვირეკა და გვითხრა, 3 აგვისტომდე ქალაქში არ ვარ, იქნებ ისე გავაკეთოთო, რომ 4-5 ში ჩატარდეს ყრილობაო, დავეთანხმეთ და გადავწიეთ 5-მდე. ამ ყრილობას რომ პოლიტსაბჭო უწევს, ჩვენი ბრალი არ არის“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

კითხვაზე, გაემინჯნა თუ არა თინა ბოკუჩავა პარტიას, ცისკრიშვილმა უპასუხა: „თავად კითხეთ, გაემიჯნა თუ არა პარტიას“.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტიის 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომას 130-დან მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. მისი თქმით, იმისთვის, რომ სხდომა იყოს უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად, ის უნდა იყოს ლეგიტიმური.