„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს რაც არ უნდა ეცადოს, რომ რამენაირად გაათეთროს თავიანთი ანტიზნეობრივი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიადამიანური ქმედებები, რა თქმა უნდა საზოგადოებაში უკვე არავისში იწვევს ორ აზრს ის, რომ ეს ყველაფერი მიმართული იყო ქვეყნის შიგნით ყველაზე უფრო ბოროტი მიზნების შესასრულებლად, - განუცხადა „იმედის კვირას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულზე საუბრისას.
მისივე თქმით, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა კრებსით შეფასებას აძლევს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების კრიმინალურ საქმიანობას.
„დასკვნაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა - პრეზიდენტი, პარლამენტი, საგამოძიებო სტრუქტურები, სასამართლო ყველა მოხსენიებულია - ჩართული იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც კონკრეტული ადამიანის და კონკრეტული დანაშაულის დაფარვისათვის“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ დანაშაულებრივი წარსული არ მოუნანიებია, ეს არა მხოლოდ მათი შინაგანი მახინჯი რწმენის შედეგია.
„არ მოუნანიებიათ, ეს არა მხოლოდ მათი შინაგანი მახინჯი რწმენის შედეგია, არის სწორედ ისიც, რომ სამწუხაროდ ევროკავშირის გარკვეული წრეები აფინანსებენ ასეთ პოლიტიკოსებს, ასეთ დაჯგუფებებს, იმისთვის რომ მათ გააგრძელონ ქვეყანაში ის პოლიტიკური ექსტრემიზმი, რომელიც ნებისმიერ მომენტში პოლიტიკურ ტერორიზმად გადაიქცევა, თუ კი სახელმწიფო ოდნავ მაინც მოადუნებს [ყურადღებას] და არ დაიცავს ქვეყანას, საზოგადოებას და დემოკრატიას. პასუხისმგებლობა არ ეკისრება მხოლოდ დანაშაულის ფიზიკურად აღმასრულებელს, ეს ეხება ყველა იმას, ვინც ამ პოლიტიკის გატარებას უწყობდა ხელს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.










