საქართველოს პარლამენტში პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში გამოცემული ჟურნალის - „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა, მაია ბითაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ.
მათ ჟურნალის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა ჟურნალ „ოქროს საწმისის“ რედაქტორის, ზვიად გამსახურდიას და თანარედაქტორის, მერაბ კოსტავას, მნიშვნელოვანი წვლილი ჟურნალის შექმნასა და გამოცემაში.
პროექტი „გიგანტური წიგნები" საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტია, რომელიც XIX-XX საუკუნეების ქართული პერიოდიკის (ჟურნალები, გაზეთები) ხელახლა გამოცემას გულისხმობს.
პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.










