პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.
საკითხი პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია, მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება ან/და გამწვანების კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შემცირება განხორციელდეს. აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების განსხვავებული პირობებით, სამშენებლო დოკუმენტაცია დამტკიცდეს. საჯარო დაწესებულებებს ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე მოთხოვნის დაყენება 2035 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლებათ.









