პარლამენტი უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.

ახალი რეფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებასა და ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ფორმატის ცვლილებას ითვალისწინებს. ცვლილება შეეხება საჯარო სკოლებსაც, რაც 11 წლიან სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს, თუმცა სურვილის შემთხვევაში მოზარდები 12 კლასის დამთავრებასაც შეძლებენ. აღნიშნული ფორმით წარმოდგენილ ცვლილებებს კრიტიკულად უყურებენ ხელისუფლების ოპონენტები.

"როდესაც ამხელა რეფორმა შემოდის კანონპროექტის სახით, ის ჯერ კარგად უნდა დამუშავდეს და შემდეგ უნდა შემოვიდეს და არა პირიქით. საქართველოში განათლების სისტემა რეალურად პრობლემების წინაშე დგას, თუმცა რამდენად პასუხობს ეს კანონპროექტი იმ გამოწვევებს, ეს მეორე საკითხია,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის“ წევრი ვიკა ფილფანი.