პარლამენტი "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილების განხილვას მეორე მოსმენით იწყებს.

 საკითხს თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, მოგვიანებით კი სესიაზე უყრიან კენჭს.

სიახლის მიხედვით, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, ამიერიდან დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაც, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს.

გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს, მუნიციპალური ორგანოების წინასწარ გაფრთხილებასთან ერთად ემატება ვალდებულება ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიაწოდოს.

"გასული თვეების განმავლობაში ვაკვირდებოდით, როგორ ხდებოდა ბოროტად გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის, იმისთვის, რომ როდესაც არ იყო არც ამის საჭიროება, არც ამის რაოდენობა, არც ამის აუცილებლობა, ხდებოდა გზების თუ სავალი ნაწილები გადაკეტვა. ახალი კანონმდებლობა სწორედ ამ საკითხებს არეგულირებს და მაქსიმალურად აწესრიგებს და აძლევს შესაძლებლობას ერთის მხრივ დემონსტრანტებს, თუ ამის რაოდენობა არსებობს, თუ ამის საჭიროება და აუცილებლობა არსებობს, რომ გამოხატონ თავისი პროტესტი. თუ ამის არც რაოდენობა, არც საჭიროება არ არსებობს, მაშინ მაქსიმალურად იყოს დაცული საზოგადოებრივი წესრიგი," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი.