რა ოპოზიციის რადიკალიზმზე საუბრობთ, ერთი კვირაა ქვა და კვერცხი არ გაგიგდიათ ხელიდან, - ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს.

„დღეს ღარიბაშვილი, პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები დაკავებულები არიან პარალელური ცრუ რეალობის შექმნით, რისთვისაც არც ერთგვარი აზრის პოლიციის როლის მორგებას არ ერიდებიან. ღარიბაშვილმა ისაუბრა პოლარიზებაზე და ოპოზიციის რადიკალიზმზე. პაპუაშვილმა დასავლელ პარტნიორებზე მიიტანა იერიში და თქვა, დასავლეთმა აღქმები ფაქტებზე მაღლა არ უნდა დააყენოსო.

მხოლოდ ფაქტებით გპასუხობთ - რა ოპოზიციის რადიკალიზმზე საუბრობთ, ერთი კვირაა ქვა და კვერცხი არ გაგიგდიათ ხელიდან. ჯერ ზურა - გირჩი ჯაფარიძეს მიუვარდნენ, შემდეგ ახალგაზრდულ ბანაკს ბორჯომში, შემდეგ უნივერსიტეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ თავისუფლებისმოყვარე სტუდენტებს, შემდეგ ლევან ბერძენიშვილს მიუსიეს ეს მოძალადე ჯგუფები. ახლა გამოდიან და უსინდისოდ, არგუმენტაციის გარეშე ოპოზიციას აბრალებენ რადიკალიზმს და დასავლეთს ფაქტების დამახინჯებას.

გასაგებია, ივანიშვილი საქართველოზე მეტია თქვენთვის, არა იმიტომ, რომ პატივს სცემთ, არამედ იმიტომ, რომ ის დაკავშირებულია თქვენთვის კომფორტთან, კორუფციასთან, კარგად ყოფნასთან, ძალაუფლებასთან და ამ დროს, საქართველო და მისი მოქალაქე ცალ ფეხზე გკიდიათ. „ქართულ ოცნებას” საქართველო ძარცვისთვის სჭირდება, ღარიბი მოქალაქეები კი ხმისთვის. დროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ”, - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.