„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, იმდენად ებრძვის ხალხი მათ პარტიას, რომ NDI-ს გამოსაკვლევ სიაში არ არიან.“

„ჩემი აზრით, გვებრძვიან. NDI-ც გვებრძვის. დიდი პატივისცემით საბა ბუაძეს, მაგრამ საბა ბუაძეს რომ ტესტავს და მე არა, მაგ კვლევაზე რა ვისაუბრო? როდესაც მე არ ვწერივარ და წერია საბა ბუაძე, პაატა მანჯგალაძე და მე არა, რატომ არ ვწერივარ? მე ვუშვებ, რომ ეს ჩემთან ბრძოლის ფარგლებშია, სხვა არაფერში. რა აზრი აქვს, რომ ამაზე ვისაუბრო? იმდენად მებრძვის ხალხი, რომ გამოსაკვლევ სიაში არ ვწერივარ“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, მას ქართველი ხალხი ისეთი გიჟი არ ჰგონია, რომ მათი კოლეგები პარლამენტში დატოვოს და „გირჩი“ არ შეიყვანოს.

„თუ ხალხი პარლამენტში შემიყვანს, მე ვალდებული ვარ ამ ხალხის იმედები გავამართლო. ჩემი მიზანი ამ პარლამენტში შეძრომა არ არის, ჩემი მიზანია, ქართველმა ხალხმა შემიყვანოს ისე, როგორც მე მინდა. 5%-იან ბარიერზე 7-8 კაცი შედის. საკმაოდ დიდი ნდობა გამოხატა ხალხმა, როდესაც 5% მოგვცა. ახლა დგება თემა, გამოხატავს თუ არა ხალხი ნდობას სათანადოდ. თუ არ გამოხატავს სათანადოდ ნდობას, ცხადია, პოლიტიკიდან წასვლაზე უნდა იფიქრო. თან, თუ ხვდები იმას, რომ ხალხის ნება არ გაყალბდა, ამ ხალხს არჩევნები არ წაართვეს. მე არ მგონია, ქართველი ხალხი ასეთი გიჟი, რომ ჩემი კოლეგები დატოვოს პარლამენტში და მე არ შემიყვანოს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.