ამიტომ არ შეიძლებოდა ესებუასთვის ფულის მიცემა და ამიტომ არ უნდა ამბობდეს შს მინისტრი - მეტიც რომ მოეთხოვათ მივცემდითო, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი, იურისტი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში ქუთაისში საქართველოს ბანკის შენობაში შეჭრასთან დაკავშირებით წერს, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს და ბომბის აფეთქებით იმუქრება.
"ამიტომ არ შეიძლებოდა ესებუასთვის ფულის მიცემა და გაცილება. ამიტომ არ უნდა ამბობდეს შს მინისტრი - მეტი ფულიც რომ მოეთხოვა, მაინც მივცემდითო. ეს არის ტერორიზმის და ყაჩაღობის პირდაპირი წახალისება, რაც იწვევს ახალ დანაშაულებს. გამძლეობა და ჯანმრთელობა ქუთაისში მძევლად აყვანილ ადამიანებს," - წერს ოთო კახიძე. შეგახსენებთ, ქუთაისში საქართველოს ბანკის შენობაში თავდამსხმელი ამ წუთებშიც ბანკის შენობაში იმყოფება მძევლებთან ერთად. შსს-ს განცხადების თანახმად, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. თავდასხმელი ითხოვს 2 მილიონ დოლარს, რუსეთის დროშას, ვერტმფრენსა და ანკესს. ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. პოლიციელებმა კი მძევლებს და თავდასხმელს უთხრეს, რომ მოთხოვნილი თანხა გზაშია.