„სამწუხაროა, რომ დღესდღეობით, პრეზიდენტი მოქცეულია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში და პრაქტიკულად აცდენილია იმ რეალობას, რომელიც ჩვენ რეგიონშია შექმნილი“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა.
ოთარ გრიგოლია, აღნიშნულ საკითხზე, ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა კოლეგებმა ან არ იციან რა კონსტიტუციური წყობაა ქვეყანაში, ან მიზანმიმართულად იტყუებიან. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, კონსტიტუციას პირველ რიგში პრეზიდენტი უნდა იცავდეს და თუ პრეზიდენტი ამას არ აკეთებს ეს ძალიან დიდი პრობლემაა.
„ჩვენი კოლეგები აკეთებენ განცხადებებს იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ კი პარლამენტში მიმდინარეობდა. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის საპარლამენტო მმართველობა. ქვეყანას მართავს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი. საპრეზიდენტო მმართველობა ამ ქვეყანაში დამთავრდა და საგარეო პოლიტიკაზე აბსოლუტური პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს აქვთ აღებული. ამიტომ, ძალიან უცნაურია ჩვენი კოლეგების განცხადებები. ჩვენ ან უვიცობასთან გვაქვს საქმე, ან შეგნებულ ტყუილთან. კოლეგებო, მგონი, არ გესმით რაზე ლაპარაკობთ“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, შექმნილი მძიმე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ჩარევა, არასწორი, ან არადემოკრატიული ნაბიჯი, ქვეყანას არამხოლოდ დააზარალებს, არამედ შეიძლება ომშიც ჩაითრიოს.
ოთარ გრიგოლია რამდენიმე კვირის წინ გლდანში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ისეთ ბრალდებებს აჟღერებს, რომლის არავითარი საბუთი არ გააჩნია. ოთარ გრიგოლიას თქმით, მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, როდესაც ოპოზიციონერ ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ, მაგრამ ამ ფაქტზე იყო მყისიერი რეაგირება. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, დაკავებულია ყველა ის ადამიანი, რომელთაც გლდანში მომხდარ ფაქტთან რაიმე შეხება ჰქონდა.
„მე არ ვიცი ახლა თქვენ ნახევარი გლდანის დაკავებას თუ ითხოვთ, მაგრამ პოლიციამ თავისი საქმე შეასრულა და დამნაშავეები უკვე დაკავებულები არიან. მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, რაც ჩვენ არაერთხელ დავგმეთ. სასამართლო დაადგენს, თუ რა მოხდა გლდანში რეალურად“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.