სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

"სახალხო დამცველი საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს აქციებზე დაკავებული პირების მონახულების შედეგების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის მონაცემების შესახებ.

ამჯერად, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ დამატებითი ინფორმაცია ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების, პარტიების წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, მედია საშუალებებისა და აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ, რაზეც მედიით საჯაროდ გახდა ცნობილი.

სახალხო დამცველის აპარატმა არაერთ მსგავს ფაქტზე მოახდინა რეაგირება და მიმართა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატმა საგამოძიებო უწყებებს, დროული და ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მიზნით, მიმართა ლევან ხაბეიშვილის, სოფო ჯაფარიძის, ალეკო ელისაშვილის, გია ჯაფარიძის, გიორგი მუმლაძის, ბორის ჩელე ყურუას, ნოდარ ჩაჩანიძის, დიმიტრი ჩიქოვანის, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძის, დიჯეი გიორგი შენგელიას, სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის მამის, აშშ-სა და საქართველოს მოქალაქე თეოდორ ჯონასის, პედაგოგ ლადო აფხაზავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე; ასევე, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელავასა და ამავე მედიის ჟურნალისტების, ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძის, გამოცემა „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაულის, ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ შესაძლო ჩასაფრებისა და ამავე ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის საქმიანობის ხელშეშლაზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტებზე; ასევე, 13 მაისსა და წინა დღეებში მომხდარ/საჯაროდ გავრცელებულ არაერთ ვიდეომასალაში აღბეჭდილ ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის, ლეონიძის ქუჩაზე მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გმირთა მოედანზე ახალგაზრდების ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის შემთხვევებზე. 

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ ადამიანთა ინდივიდუალურ უფლებებს, ისე დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში, მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების, და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების მიზნით. აქვე, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყურადღების მიღმა არ დატოვონ ხსენებული არასათანადო ქმედებების მოტივი, რომელიც უკავშირდება მათი განსხვავებული შეხედულებების, პროფესიული საქმიანობისა თუ პოლიტიკური პოზიციების გამო დევნას." - ნათქვამია სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაში. 

ცნობისთვის, საპროტესტო აქციის ფონზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.  

საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ღამე გაათენეს და დილამდე დარჩნენ - ადგილზე სამართალდამცველები არიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან, აქციაზე 20 პირია დაკავებული, აქედან 3 პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - 1 რუსეთის, 2 ამერიკის შეერთებული შტატების

ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა: 1 ნოემბრისთვის გადაიტანეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონის ამოქმედების ვადა - არჩევნების მერე, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება  

ასევე, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად

 პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

 საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.