გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას მესამე მოსმენით.

 „ხვალ დაგეგმილია კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა, ხოლო ზეგ - მისი მიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია და ჩვენ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით.

 სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება და შესაბამისად, შექმნას უფრო მყარი გარანტიები საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

 არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რომელიც საქართველოსთვის ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული და რაშიც განსაკუთრებულ როლს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალე დაფინანსება ასრულებს. გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.