ნონა მამულაშვილის წასვლა პარტიიდან მოულოდნელი იყო ჩემთვის და როგორც გავარკვიე, ყველასთვის, არავითარი წინასწარი საუბრები ამის შესახებ არ ყოფილა _ ამის შესახებ ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
"ნონა მამულაშვილის წასვლა პარტიიდან მოულოდნელი იყო ჩემთვის და როგორც გავარკვიე, ყველასთვის იყო ეს მოულოდნელობა, არავითარი წინასწარი საუბრები ამის შესახებ არ ყოფილა. არანაირი წინასწარი წუხილი სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით არ ყოფილა, ამიტომ მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება და ის ტექსტიც, რომელიც შემდგომ ქალბატონი ნონას ფეისბუქ გვერდზე წავიკითხე. ნონა მამულაშვილი სულ რაღაც ორიოდე წლის წინ გამოჩნდა "ნაციონალურ მოძრაობაში". მას აქ ჰქონდა ფართო ასპარეზი. ის ჩვენი სიით გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი და არიან ადამიანები, ვისაც 20-30 წლიანი პოლიტიკური გამოცდილება აქვთ და მათთვისაც ამ ასპარეზის მოპოვება არის რთული, ხოლო ქალბატონ ნონას ჰქონდა ეს ასპარეზი. მან მიიღო გადაწყვეტილება სხვა პლატფორმიდან გააგრძელოს ბრძოლა, რომელიც მისთვის მნიშვნელივანია, მე პატივს ვცემ მის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მიმაჩნია, რომ მთავარი ბრძოლა ოლიგარქიასთან გაიმართება სწორედ აქედან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან"_ აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა. შეგახსენებთ, რომ ნონა მამულაშვილმა რამდენიმე დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და პარლამენტი დატოვა. ის პლატფორმა „გამზირს" შეუერთდა.