საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ეხმიანება საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებას, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობს და აღნიშნავს, რომ საქართველო უბრუნდება მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა. 

„კომიტეტზე მეორე მოსმენით დამტკიცდა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ქართული ენის სწავლების აღდგენას ბაკალავრიატზე. მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ სწორედ წინა ხელისუფლების დროს იყო გაუქმებული უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება და, რა თქმა უნდა, როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ახლაც ვუბრუნდებით მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის ქართული ენის პოპულარიზაციას“, - განაცხადა წილოსანმა. 

საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებას, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობს, კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ცვლილებები უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს. საკანონმდებლო წინადადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ნანა მაჭავარიანსა და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით. 

ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში 2005 წელს შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი „ქართული ენა“ გაუქმდა. უნივერსიტეტებში მშობლიური ენის სწავლების ვალდებულება მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოქმედებს, დანარჩენ ფაკულტეტებზე კი ის მხოლოდ შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია.