„სიამაყით გეტყვით, რომ ჩვენ ერთობლივი და დიდი ძალისხმევით შევქმენით რეალურად ფუნქციონირებადი სტრუქტურა პარტიაში, რომელიც არ ატარებს უბრალოდ დეკლარირებულ, ფასადურ ხასიათს და რეალურად ზრუნავს ქალების პოლიტიკურ გაძლიერებაზე." - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
"ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შევქმენით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალთა ორგანიზაცია, რომელსაც აქვს გამართული სტრუქტურა და ფუნქციონირების მყარი საფუძველი, რომელიც გაწერილია ჩვენს წესდებასა და დებულებაში. აღნიშნული უზრუნველყოფს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი რგოლის, თბილისისა და 10 რეგიონული საბჭოს კოორდინირებულ მუშაობას.
ჩვენს გარშემო შემოვიკრიბეთ საზოგადოებრივად აქტიური და მოტივირებული ქალები და მოხარული ვარ, რომ გაგიზიაროთ ინფორმაცია, 2022 წლის შემდეგ ჩვენი ახალი წევრები, მხარდამჭერები დაახლოებით, 6 ათასს აჭარბებს.
ჩვენ შევქმენით პლატფორმა, სადაც ქალების ხმა ისმის, მათ უშუალო კომუნიკაცია აქვთ პარტიის ლიდერებთან და გადაწყვეტილებების მიმღებებთან. შევქმენით მენტორობის, გამოცდილების გაზიარებისა და პიროვნული განვითარების სივრცე. ჩვენი მთავარი მესიჯები მივიტანეთ უამრავ ქალთან, რომლებიც პოტენციურად შესაძლოა, გახდნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრები ან ელექტორატს წარმოადგენენ. ამ პერიოდში შევხვდით 40 ათასამდე ქალს. ჩვენი მიზანი მათთვის, ერთი მხრივ სახელმწიფო პროგრამებისა და პოლიტიკის გაცნობა იყო და მეორე მხრივ, კი მათ საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.