საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით მალაიზიასა და სინგაპურში იმყოფებოდა, სადაც წამყვან კვლევით ორგანიზაციებში სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესახებ მისი მოხსენების მოსმენა გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე სინგაპურის საერთაშორისო სწავლებების სკოლისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს და მკვლევრებს ეწვია. ასევე გამართა საჯარო ლექცია მალაიის უნივერსიტეტის ევროპა-აზიის ინსტიტუტში.
ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და არაღიარების პოლიტიკაზე. ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
განხილვის თემებს წარმოადგენდა რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები და დიდი სახელმწიფოების გავლენები, აგრეთვე სავაჭრო მარშრუტების უსაფრთხოების საკითხები.