საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები იყო მსჯელობის მთავარი თემა ნიკოლოზ სამხარაძესა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (GW) სტუდენტებს შორის.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და ამ მხრივ მიღწეული პროგრესი იყო განხილვის თემები  GW-ს პოლიტიკური მენეჯმენტის სამაგისტრო სკოლის გლობალური პერსპექტივების რეზიდენტურის პროგრამის სტუდენტებთან.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ახალგაზრდებთან საუბრისას, საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

ნიკოლოზ სამხარაძე სტუდენტებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზეც, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო პოლიტიკაზე ესაუბრა. 

შეხვედრისას სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს. მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ვითარება და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში, თავისუფალი ვაჭრობის და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე.