პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და იაპონიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ტოკიოს გეო-ეკონომიკის ინსტიტუტში შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა.

იაპონიის ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო - კვლევით ორგანიზაციაში გამართულ სემინარზე, მან შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების გამომწვევი მიზეზები მიმოიხილა.

 „სემინარზე ყურადღება გავამახვილეთ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე და საქართველოს სამშვიდობო როლზე ამ კონფლიქტის მოგვარებაში, ნატოსა და ევროკავშირის ჩართულობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში და ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 მოხსენების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. სემინარში მონაწილეობდნენ იაპონელი პროფესორები, მკვლევრები და  ჟურნალისტები.