"მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში" -  ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ტოვებს თუ არა პარტიას.  

ექსთავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბოლო 11 წლის განმავლობაში არ შემიწყვეტია ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ვინაიდან ვთვლიდი და ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება ქვეყანას უკარგავს განვითარების პერსპექტივას და ართმევს მომავალს, მომავალს, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს გაცილებით უკეთესი, ვიდრე აქვს აწყმო.

ყველაფერ ამისთვის ვიბრძოდი პარლამენტის ტრიბუნიდან, ქუჩიდან, საერთაშორისო პლათფორმებიდან, ციხის საკნიდან. ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველგან, სადაც ილახებოდა ხალხის თავისუფლება და ამ პროცესში არ მქონია სხვა არანაირი პოლიტიკური მიზანი, გარდა ხალხისა და ქვეყნის ინტერესი.

და დღეს ყველას ერთად, ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კლიმატი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია, არაფორმალურ მართვასა და კულუარულ გავლენებზე. დაფუძნებულია თავიდან ბოლომდე ფულზე. გვაქვს გახრწნილი პოლიტიკური სისტემა, რომელიც გასაქან არ აძლევს პატიოსნებას, გასაქანს არ აძლევს წესიერ გამოცდილ ადამიანებს, ახალგაზრდებს, ზნეობრივ, მორალურ, გულწრფელ პოლიტიკას და გასაქანს არ აძლევს პრაქტიკულად არცერთ იდეალისტ ადამიანს ამ სფეროში.

დღეს, საქართველოში გვაქვს სისტემა,რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი გახადა სკეპტიკოსი. უკანასკნელი თვეების განმავლობაში მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ პრინციპები, რომლებიც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ყოფილიყო გამარჯვებული "ნაციონალურ მოძრაობაში". ამ გახრწნილ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც არის ქვეყანაში, პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ამორალობა აქციონ პოლიტიკურ სტანდარტად, წარმატების მიღწევის წინაპირობად. ამ სტანდარტის გამზიარებელი პოლიტიკოსები ერთმანეთს არწმუნებენ, რომ პრინციპების დათმობით უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე პრინციპების ერთგულებით, და მერე ყველა ასეთი პოლიტიკოსი ერთად, ამაში ცდილობს დაარწმუნოს ხალხი" - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, ნიკა მელია ოფიციალურად 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 5 ოქტომბრამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“

მელია პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ  2020 წლის 27 დეკემბერს აირჩიეს.

2023 წლის იანვრიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. რის შემდეგ პარტიაში დაპირისპირება დაიწყო. 

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" თვითმმართველ ორგანოში წარმოდგენილი წევრები ტოვებენ.

კასპის საკრებულოს ფრაქცია "ნაცმოძრაობა" 6-მა დეპუტატმა დატოვა.

 ნიკა მელიას მიმართ სოლიდარობის ნიშნად ზუგდიდის საკრებულოში "ნაცმოძრაობის" 14-მა დეპუტატმა პარტია დატოვა

ასევე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ და ასევე, ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. 

ფოთის ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია გადააყენეს