ფოთის ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე პაატა ჩაგანავა ფრაქციის წევრებმა კენჭისყრის შედეგად გადააყენეს. ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა დავით ხომერიკმა გააკეთა. მისი თქმით, დარეჯან ცხვიტარიამ ფრაქციის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადაყენებაზე განცხადება, ფრაქციასთან შეუთანხმებლად გააკეთა. ასევე ის აცხადებს, რომ დარეჯან ცხვიტარიას ორი წელის განმავლობაში ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია.
„ფრაქციაში აუცილებელია ორგანიზებული მუშაობა, იმისთვის რომ ეფექტურები ვიყოთ საკრებულოს სხდომებზე და აქ რამხელა როლი ენიჭება ფრაქციის თავმჯდომარეს ყველასთვის გასაგებია. ორი წელია ეს ქალბატონი [დარეჯან ცხვიტარია] არის ფრაქციის თავმჯდომარე, მაგრამ ერთი დღითაც ვერ მოიცალა ფრაქციაში მუშაობისათვის. ჩვენთვის ცნობილია მისი არაერთი არაკორექტული გამონათქვამები, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია, ორი წელი ვითვალისწინებთ ამ ქალბატონს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან გაცხადება გააკეთა ფრაქციის სახელით, ფრაქციის უმრავლესობასთან შეუთანხმებლად, მივწერეთ მას, ჩაინიშნეთ ფრაქციის სხდომა, ვთხოვეთ რომ ჩამოსულიყო, რათა გვესაუბრა ამ თემებზე, თუმცა აქაც იგნორი მივიღეთ. შეიკრიბა ფრაქცია და ხმათა უმრავლესობით განხორციელდა ცვლილებები. იგივე შემიძლია ვთქვა მის მოადგილესთან, პაატა ჩაგანავასთან დაკავშირებით, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ის ვერ ახერხებდა ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობას და იგივე მიზეზით იქნა გადაყენებული“,- განაცხადა დავით ხომერიკმა.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ დარეჯან ცხვიტარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს