26 ოქტომბრიდან დაიწყება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ამ სახელმწიფოს განვითარება, მრავალფეროვან ძალთა შორის აქტიური თანამშრომლობით, სადაც მოქალაქეს ექნება განცდა, რომ ის არის ამ სახელმწიფოს ბატონ-პატრონი, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„კოალიცია „ცვლილებებისთვის“ სრული სვლით აგრძელებს სვლას 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, სადაც ქართველი ხალხის ნება პოზიტიურად უნდა აისახოს ქვეყნის მომავალზე. ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ვთქვით, რომ ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და რეგიონში სულ უფრო და უფრო მეტი ვიქნებით. გვიხარია, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტი თანამებრძოლი, თანამოაზრე, გულშემატკივარი და გუნდის წევრი ჰყავს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ 4 ნომერს, რომელიც გვჯერა, გახდება მიმდინარე წელს სიმბოლო, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ შეძლებს მანკიერი წრის გარღვევას და საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას. ძალა არის მრავალფეროვნებაში. მრავალფეროვანია კოალიცია „ცვლილებებისთვის“ 4 ნომერი და მიგვაჩნია, რომ დღევანდელი დღეც ამის დასტური იქნება. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ 4 ნომერს სურს ხალხის ნება აისახებოდეს პოლიტიკაზე და არა მახინჯი პოლიტიკა ქართველ ხალხზე. ხალხს აქვს პოზიტიური ცვლილებებისთვის მოლოდინი. ხალხი ამისთვის მზად არის. ჩვენ სიმრავლით, სიმტკიცით, რწმენით 26 ოქტომბერს დავუბრუნებთ სახელმწიფოს ქართველ ხალხს. 26 ოქტომბრიდან დაიწყება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ამ სახელმწიფოს განვითარება, მრავალფეროვან ძალთა შორის აქტიური თანამშრომლობით, სადაც მოქალაქეს ექნება განცდა, რომ ის არის ამ სახელმწიფოს ბატონ-პატრონი“, - განაცხადა მელიამ.