გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოფილი, გარანტირებული იქნება დემოკრატიული ოპოზიციური ძალების ხელისუფლებაში მოსვლის და მას შემდეგ, რაც საქართველო კოლექტიური უსაფრთხოების, ევროკავშირის წევრი და მდიდარი სახელმწიფო გხდება. ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ საუბრობს იმას, რისი შესაძლებლობაც აქვს, „ქუდზე კაცი“ ნამდვილად მოვა, ვეთანხმები, მაგრამ არა მის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნომერ პირველი საზრუნავია ბევრი ქართველისთვის, თუმცა, ეს მოღალატეობრივი პოლიტიკის გატარების პირობებში ვერ მოხდება. მთელი ტერიტორია, რაც საქართველოშია, რაც ოკუპაციას გადაურჩა, რუსული პოლიტიკის მიერაა ოკუპირებული და ივანიშვილი მისი პერსონიფიკაციაა. ის ამით ცდილობს ეროვნული მარცვალი, ინტერესი, საკვები მისცეს საზოგადოებას, თითქოს, რაღაც ჩაფიქრებული აქვს, დიდ თამაშს თამაშობს და ასეთი უცნაური გამოხტომები უნდა ეპატიოს, ვინაიდან დიდი ეროვნული მოღვაწეა, რომელმაც იცის, ერი როგორ უნდა გააერთიანოს. რა ერი უნდა გააერთიანოს, რომელი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს, ადამიანი 24 საათი აგრესიაზე, ძალადობაზე საუბრობს, შურს, ურთიერთდაპირისპირებას ახალისებს, ქვეყნის მოსახლეობა ერთმანეთს გადაკიდა. ხელისუფლება, რომელიც ამაში ხარჯავს თავის ენერგიას, ის ვერასდროს გააერთიანებს ქვეყანას, მითუმეტეს, ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენს. ტერიტორიული მთლიანობა ძლიერი სახელმწიფოს პირობებში აღდგება, ძლიერი სახელმწიფო „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ვერ იქნება“, - განაცხადა მელიამ.