მთელი ევროპა უკვე საომარ მდგომარეობაშია - ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“ განაცხადა, ტერორისტების სამიზნე ევროპა სწორედ იმიტომ გახდა, რომ უსაფრთხოების სისტემა ძალიან სუსტია.
ექსპერტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა უსაფრთხოებასა და პერსონალურ თავისუფლებას შორის.
„ევროპა იმიტომ, რომ ძალიან სუსტია უსაფრთხოების სისტემა, ამ ყველაფერს ხელს უწყობს შენგენის შეთანხმება, რომლითაც პირების გადაადგილება შედარებით თავისუფლად ხდება. ბოლოს მივდივართ მთავარ საკითხამდე. ნებისმიერ სპეცსამსახურს უდგას ასეთი დილემა, უსაფრთხოება თუ ადამიანის უფლებების გარკვეული დოზით შეზღუდვა.
რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში გონივრული ბალანსი უნდა იყოს უსაფრთხოებასა და პერსონალურ თავისუფლებას შორის. როდესაც საუბარია ომზე და ჩვენ ვხედავთ, რომ მართლაც საომარ მდგომარეობაშია უკვე ევროპა გადასული, ეს ბალანსი ჩემი აზრით უსაფრთხოების სასარგებლოდ უნდა დაირღვეს.
დღეს ეს ევროპაში უბრალოდ შეუძლებელია, რადგანაც მთავრობები არიან აბსოლუტურად ლიბერალურნი, არის უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, არის მედია, რომელიც სპეცსამსახურების მუშაობას ართულებს. თავად აღრიცხვაც კი იმ ადამიანების, რომლებიც ევროპას მოაწყდნენ, ძალიან ცუდად და არაკვალიფიციურად ხდებოდა. ინფორმაციის გასვლა ძალიან შეზღუდული იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ტრანსკრიფციაც კი ახდენდნენ არაბული გვარებით და შემდეგ ისეთი გვარებით ახდენენ ამ ადამიანების გვარების ჩაწერას, რომ შემდეგ იდენტიფიკაცია ძალიან რთულდებოდა. ამის მიუხედავად აწვდიდნენ, იგივე თურქეთის სპეცსამსახურები ინფორმაციას ბელგიელ კოლეგებს კონკრეტულ ადამიანებზე,მათზე ვინც ბრიუსელის აეროპორტში თავი აიფეთქა“,-აცხადებს ლალიაშვილი.