შეუძლებელია სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ, „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატი შედგეს. ყველა ასეთ შეხვედრაზე ხაზგასმით ვამბობთ, რომ „შარლ მიშელი ორი“ არ იქნება, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მხრიდან არავითარი მოწოდებები არ ყოფილა.
„ინფორმაციები გავცვალეთ, რა ხდება ქვეყანაში, რას უნდა ველოდოთ. მაგალითად, ახლა თქვენ რომ გელაპარაკებით, ამ ინფორმაციების გაცვლისთვის შეიძლება სისხლისსამართლებრივი საქმე აღგვიძრან. ეს არ არის მკითხაობა და მოსაზრება. ასეთი სისხლის სამართლის საქმეები გვაქვს ადამიანებს, რომლებიც იმ ოთახში ვისხედით და მათაც, ახლა ვინც შევიდა. ამიტომ შეუძლებელია სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ, „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატი შედგეს. ეს პრობლემები მათ დაახვავეს, რათა შემდეგ ვითომ დათმონ და სანაცვლოდ რაღაც მიიღონ. ვიდრე ყოველგვარი დათქმის გარეშე განულებული არ იქნება ხელისუფლებაში სამუდამო ყოფნის ნებისმიერი კანონი, რომელიც მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, მანამდე საუბარიც კი არ არის იმაზე რომ, რაიმე ტიპის ფორმატი შედგეს.
არავის არაფერი მოუთხოვია, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ. მით უმეტეს, როცა მეგობრები ციხეში გვყავს, რა უფლება გვაქვს, ვინმეს რამეზე ველაპარაკოთ ან ვის აქვს უფლება, ჩვენ ეს მოგვიწოდოს? არავითარი მოწოდებები არ ყოფილა, პირიქით, ჩვენ ყველა ასეთ შეხვედრაზე ხაზგასმით ვამბობთ, რომ „შარლ მიშელი ორი“ არ იქნება. იქნება მხოლოდ მკაფიო მოლაპარაკებები ქვეყნის ბედზე. ამაზე საუბარი ვისაც უნდა, კი ბატონო. ვალდებული ვართ, ვისაუბროთ, მაგრამ ვიდრე გვყავს პოლიტპატიმრები, ნაცემი, მოწამლული ხალხი და არცერთი დასჯილი, ამაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.







