მინდა, თბილისიდან ერევანში მივესალმო მარკო რუბიოს და მივესალმოთ ჩვენი ტელეფონების ანთებით – შემდეგ ჯერზე თბილისში! – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შავი ზღვისპირეთის მთავარ ქალაქში – თბილისში წყდებოდეს.

„საქართველო იმსახურებს ყველა ჩვენს მეგობარს თბილისის, ამიერკავკასიის, როგორც მანამდე ეძახდნენ და ახლა კი, შავი ზღვისპირეთის მთავარ ქალაქში – თბილისში უნდა ჩამოდიოდეს ყველა და აქ უნდა წყდებოდეს მთავარი საკითხები. სწორედ აქ თბილისში ვესალმებით მარკო რუბიოს, აშშ-ს, ევროკავშირს, ჩვენს დიდ ბრიტანელ ძმებს და დებს, ყველას, ვისაც უყვარს საქართველო და ყველას, ვინც გვიყვარს ქართველებს.

დიახ, ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით – „საქართველო იმსახურებს უკეთესს“. ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი დემოკრატიული არჩევნებით და სანაგვეზე უნდა გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი და სამარცხვინო ანტიქართული რეჟიმი. საქართველო იმსახურებს უკეთესს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა ერევანში, სადაც აეროპორტშივე მოაწერა ხელი სომხეთსა და აშშ-ს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე.

მარკო რუბიომ ერევანი უკვე დატოვა.