საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის რიგებში ნიკა გვარამია პოლიტიკური ლიდერის როლს თამაშობს

გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბარში ნიკა გვარამიას მოწოდებას გამოეხმაურა, რომელმაც „ლელოსა“ და გიორგი გახარიას გუნდს ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანება შესთავაზა.

მისი თქმით, ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერი პროპაგანდისტია.

„მას როცა დასჭირდა, ორთოდოქსი ქრისტიანიც გახდა. ამ შემთხვევაში მას უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერის როლი ითამაშოს და „ლელოსა“ და გახარიას პარტიას ალიანსთან მიერთებისკენ მოუწოდოს და თან იმ პედესტალზე დადგეს, საიდანაც შესაძლებლობა ექნება, ვინმეს რაიმე მოუწოდოს ან ჭკუა ასწავლოს. დიდი ხანია, გახარიას გუნდმა წითელი ხაზები გადალახა და ახლა რა პრობლემა აქვთ, არ მესმის. ყველა არჩეულ საკრებულოში ერთად მუშაობდნენ. მათსა და „ნაცმოძრაობას“ შორის ალიანსი იყო, რუსთავში კი დიდი ხანი ბიუჯეტსაც კი არ ამტკიცებდნენ. ჩვენ ეს თანამშრომლობა უკვე ვიხილეთ. ახლა ერთმანეთთან ზეპირი შეხლა-შემოხლა შინაარსს არ ცვლის, რადგან ფაქტია, რომ გვარამია ერთადერთი „განუმეორებელი ლიდერი“, „ჰუმანისტი“, პროპაგანდისტი პოლიტიკოსია და ეს არის თემა. მეორე თემა სალომე ზურაბიშვილია, რომელსაც ფრანგულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა და ცდილობენ, მისი ქარტია დააბრუნონ, როგორც გამაერთიანებელი დოკუმენტი. პროცესი წინ ამ მიმართულებითაც არ მიდის და გადაწყვიტეს, მთავარი აქცენტი აგრესიაზე გადაიტანონ. მათ პოლიტიკურად მედიააკრძალვები და ბრიუსელის ბიუროკრატიის დამოკიდებულება ეხმარებათ. არ გამოვრიცხავ, რომ ფინანსების შემოტანის მექანიზმებიც ჰქონდეთ დაგეგმილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.